თბილისში „ალილოს" საზეიმო მსვლელობა გაიმართა

თბილისში „ალილოს" საზეიმო მსვლელობა დასრულდა.

„ალილოს" მონაწილეები რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც შობის პარაკლისი მიმდინარეობს.

მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო.

„ალილოს" მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საშობაო ნობათი გადასცეს.

„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.